ეფექტური სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემები ქმნიან ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესაძლებლობებს და სარგებელს. თვითონ დარგი „ტრანსპორტი“ საკმაოდ კომპლექსურია და აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას – ტრანსპორტის მხოლოდ ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მინიმუმ სამი ფაქტორის – 1. ინფრასტრუქტურა; 2. მოძრავი შემადგენლობა (მანქანა) 3. მენეჯმენტი, რაც თავისთავად დარგის მრავალპროფილურობაზე მიუთითებს. ამას კონკრეტულ შემთხვევებში ემატება სხვა ინტერდისციპლინური ფაქტორები (სამოქალაქო ინჟინერია; მექანიკა; ბიზნესი; ეკონომიკა; ლოგისტიკა; პოლიტიკა და ა.შ) რომელიც საბოლოო ჯამში ტრანსპორტის საკითხებს საკმაოდ მრავალფეროვანსა და კომპლექსურს ხდის. შესაბამისად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ და მისი ეგიდით სატრანსპორტო პრობლემათა მულტიპროფილური შესწავლა და მეცნიერული ანალიზების და დასკვნების მომზადება ნებისმიერი ქვეყნის, განსაკუთრებით კი საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, გრძელვადიან პერსპექტივაში სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესისათვის მნიშვნელოვანია.
ზოგადად ტრანსპორტი არის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი. მისი მდგრადი განვითარების გარეშე წარმოუდგენელია ეროვნული მეურნეობის რომელიმე დარგის ეფექტიანი ფუნქციონირება; საქართველოში როგორც სოციალური, ისე სამეურნეო სფეროებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა უკავია ტრანსპორტს. ტრანსპორტისა და მისი სახეების ჰარმონიულ განვითარებას განსაკუთრებულ აქტუალურობას ანიჭებს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მისი როლი „ევროპა-აზიის“ სატრანსპორტო დერეფანში, რაც ნათელს ხდის ამ დარგში კვალიფიციური სამეცნიერო კვლევების საჭიროებას და საუკეთესო გლობალური პრაქტიკისა და ცოდნის ტრანსფერის აუცილებლობას. ტრანსპორტის მიმართულებით კვლევები მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. დღეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო დარგის მიმდინარე გამოწვევების და სამომავლო ეროვნული და გლობალური პერსპექტივების განხილვა შემდეგი მიმართულებებით:
- ტრანსპორტის საინჟინრო-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ასპექტები;
- ტრანსპორტის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები;
- ტრანსპორტის მართვისა და პოლიტიკის ასპექტები.
საბოლოო ჯამში კონფერენციის ჩატარების მიზანია, მაღალი დონის ინსტიტუციური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფორმატში განხილული იქნას სატრანსპორტო დარგის პრობლემები სამეცნიერო და აკადემიური წრის წარმომადგენლების მონაწილეობით. ამასთან ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად ხელი შეეწყოს და გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი, მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა; მოხდეს მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია, მეცნიერებაში ახალი კადრების მოზიდვა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება.
გამოცდილება და საერთაშორისო თანამშრომლობა
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ „წამყვანი ორგანიზაციის“ სტატუსით უკვე 8 წელია ხორციელდება სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, კონკრეტულად კი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით, რომელიც არის ყველაზე ძველი და ტრადიციული სკოლა საქართველოში სადაც უკვე საუკუნეზე მეტია კვლევები და ცოდნის დაგროვება ხდება – მათ შორის ტრანსპორტის ინჟინერიისა და ზოგადად სატრანსპორტო დარგის, როგორც ინდუსტრიული ფლაგმანის მიმართულებით. ფაკულტეტი ფარავს ტრანსპორტის დარგში სწავლებისა და კვლევების ძირითადად ყველა მიმართულებას. კრავს სატრანსპორტო სისტემის ძირითადად ყველა შემადგენელს და ის არის აღიარებული საგანმანათლებლო ერთეული სადაც ხორციელება რამდენიმე ექსკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამა და ტარდება სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ეროვნული მნიშვნელობისაა.
კონფერენციის ტრადიციული პარტნიორია სილეზინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – პოლონეთი, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება. ის შესაბამისი რესურსებით და გამოცდილებით უწევს ღირებულ პარტნიორობას კონფერენციას – განსაკუთრებით პანელური მუშაობისა და ერთობლივი სამეცნიერო აქტივობებით, თუ აკადემიურ თვალსაზრისით. კონფერენციის ფარგლებში ევროპელ ინსტიტუციებთან საერთაშორისო კოლაბორაცია ძალიან მაღალი აკადემიური სტანდარტია და საერთაშორისო ცნობადობისათვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. სამეცნიერო კონფერენცია „სატრანსპოროტო ხიდი ევროპა-აზია“ უკვე ტრადიციული ღონისძიებაა და მასში მონაწილეობა არაერთხელ აქვს მიღებული მსოფლიოს მაღალი რანგის მეცნიერებსა და ინსტიტუციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
პროექტის საერთაშორისო ხარისხი განისაზღვრება პროექტში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ინსტიტუციური თვალსაზრისით. კონფერენციის საერთაშორისო ხარისხი განისაზღვრება ასევე თემატიკის აქტუალობით, არა მხოლოდ როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ ჭრილში, არამედ მისი ასევე უზარმაზარი საერთაშორისო მნიშვნელობის გათვალისწინებითაც (იგულისხმება ტრანსპორტის დარგი ზოგადად და საქართველოს სატრანზიტო დერეფნის საერთაშორისო მნიშვნელობა).
მე-8 კონფერენცია ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების პარტნიორობით:
- სილეზინისტექნოლოგიური უნივერსიტეტი(პოლონეთი);
- საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემია;
- საქართველოს საინჟინრო აკადემია:
- საქართველოს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- რ. დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი
ინსტიტუციების ძირითადი როლი განისაზღვრება ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით, რათა მოხდეს პროექტში მაღალი რანგის მეცნიერთა და მკვლევართა ჩართვა, მათი პროაქტიული ინფორმირება და უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭიროებებით. პარტნიორები უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი აკადემიური და სამეცნიერო წრეებისთვის, ხოლო კონფერენციის შედეგებს ხელმისაწვდომს გახდიან ფართო საზოგადოებისათვის. პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით ასევე ხდება კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკური საჭიროებების გადაწყვეტა, სამეცნიერო კომიტეტის დაკომპლექტება, პლენარული ჯგუფების ფორმირება და სამეცნიერო კონფერენციების სპეციფიკით გათვალსიწინებული თემატური ღონისძიებების გატარება.